სავჩენკომ და მასომ მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგეს
სავჩენკომ და მასომ მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგეს

მილანში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა.

სპორტულ წყვილებში გაიმართა თავისუფალი პროგრამა და პიონჩანგის ოლიმპიადის ჩემპიონებმა – ალიონა სავჩენკომ და ბრუნო მასომ დიდი უპირატესობით აჯობეს კონკურენტებს.

გერმანულმა დუეტმა 245.84 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე რუსებს – ევგენია ტარასოვასა და ვლადიმირ მოროზოვს 225.3 ქულა ჰქონდათ. 218.36 ქულით ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ფრანგებმა – ვანესა ჯეიმსმა და მორგან სიპრემ.

სავჩენკოსა და მასოს წყვილისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ოქროა. მანამდე მათ ბრინჯაო (2016) და ვერცხლი (2017) ჰქონდათ მოპოვებული. უშუალოდ სავჩენკო კი მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი გახდა. მანამდე, მას ხუთჯერ ჰქონდა მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი წინა პარტნიორთან, რობინ შოლკოვისთან, ერთად.

სულ სავჩენკოს ანგარიშზე კარიერაში სამი ოლიმპიური მედალია (1 ოქრო, 2 ბრინჯაო), მსოფლიოს ჩემპიონატის 11 მედალი (6 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო) და ევროპის ჩემპიონატის ცხრა მედალი (4 ოქრო, 5 ვერცხლი).