სავალუტო ფონდი - საქართველო კვლავაც მოწყვლადია საგარეო შოკების მიმართ
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას და მიმდინარე რეფორმებს დადებითად აფასებს. ამასთან, ორგანიზაციის შეფასებით, საგარეო რისკები შესაძლოა, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახოს.
„საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში. დეკემბრის ბოლოსთვის პროგრამით განსაზღვრული ყველა ციფრობრივი კრიტერიუმი შესრულდა, ამასთან, მათი უმეტესობა გადაჭარბებით.
ასევე, შესრულდა სტრუქტურული ორიენტირების უმეტესი ნაწილი. ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო, ინფლაციამ დაიკლო, ფისკალური და საგარეო ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესდა, სახელმწიფო ვალი მცირდება. მნიშვნელოვანი პროგრესია სტრუქტურული რეფორმების გატარების თვალსაზრისითაც. საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის მქონე შესაძლო რისკები დაბალანსებულია, თუმცა, საქართველო კვლავაც მოწყვლადია საგარეო შოკების მიმართ, მათ შორის ძირითად სავაჭრო პარტნიორ ბაზრებში მიმდინარე პროცესების მიმართ“, – ამბობს ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი, რომლის განცხადების ტექსტს საფინანსო ორგანიზაცია ავრცელებს.
სსფ-ს წარმომადგენლის თქმით, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელება კრიტიკულია დარჩენილი ხარვეზების დასაძლევად და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად.
„ფისკალური პოლიტიკა 2018-შიც მცირედ შემზღუდავი იქნება. მიმდინარე ხარჯების კონტროლით და მაღალი ეკონომიკური აქტივობით განპირობებული შემოსავლები მიმართული იქნება დღგ-ს ანაზღაურებაზე, კაპიტალური ხარჯების ზრდაზე და საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაზე. რეფორმები გაგრძელდება საგადასახადო ადმინისტრაციის გაძლიერების კუთხით, ფისკალური რისკების მონიტორინგის და შეზღუდვის მიზნით და ფისკალური წესის გასაუმჯობესებლად“, – აცხადებენ სავალუტო ფონდში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 42.25 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა.