სავალუტო ფონდი - ლარის გაუფასურებამ განსაკუთრებით მათზე იმოქმედა, ვისაც უცხოურ ვალუტაში სესხი აქვს
ლარის გაუფასურებამ განსაკუთრებით მათზე იმოქმედა, ვისაც უცხოურ ვალუტაში სესხი აქვს, – აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა-მარტინი.
ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილება ფონდის მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული პრესრელიზის ერთ-ერთი თემაა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდი აღიარებს, რომ ლარის გაუფასურებამ ბოლო თვეებში საქართველოში ოჯახებსა და ბიზნესებზე იმოქმედა – განსაკუთრებით მათზე, ვისაც უცხოურ ვალუტაში სესხი აქვს. თუმცა, გაცვლითი კურსის მოქნილობა ეკონომიკას საშუალებას აძლევს, შოკები უფრო მარტივად გადაიტანოს და ქვეყანას კარგ სამსახურს უწევს“, – განაცხადა ვერა-მარტინმა.
პრესრელიზის თანახმად, სავალუტო ფონდი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას მიესალმება, რომელიც სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას ისახავს მიზნად და ეროვნული ბანკის ნაბიჯებსაც აფასებს.
„გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სექტემბერში რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით გაზარდა და აღნიშნა, რომ განაკვეთი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს – თუ ინფლაციური ზეწოლა შენარჩუნდება“, – აღნიშნავენ სავალუტო ფონდში.
საფინანსო ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები სტაბილურია, თუმცა დასაბალანსებელია კლება თამბაქოს აქციზის კუთხით.
პრესრელიზში საუბარია საპენსიო სისტემის გაგრძელების, ასევე განათლების რეფორმის მნიშვნელობაზეც.