სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა 13 აპრილამდე გადავადდა
სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მორიგი სხდომა გამართა.
„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სისტემატურ რეჟიმში განაგრძობს.
საბჭოს მუშაობაში აქტიურად არის ჩართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი.
დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ხელისუფლება მართავს პროცესს.
უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოქალაქეების მხრიდან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობას ვირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის საქმეში“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.