სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს დამწვარი ტერიტორიიდან ნაგავი და დამწვარი კონსტრუქციის ნარჩენები გამოაქვთ.
დღეს დაიწყება სახურავის დემონტაჟი, საიდანაც საფრთხის შემცველ ნაწილებს ჩამოიღებენ სავაჭრო ცენტრში იმყოფება ქალაქის მერი.
კახა კალაძე ადგილზე არსებულ მდგომარეობას და ჩატარებულ სამუშაოებს ათვალიერებს, რის შემდეგაც მოვაჭრეებს შეხვდება. ადგილზე ექსპერტიზა უკვე დასრულებულია, თუმცა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ ცნობილი არ არის.
“ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ჯერ არაფერი შემიძლია გითხრათ, რადგან გამოძიება მიმდინარეობს. ექსპერტიზა დასრულდა იმასთან მიმართებაში, რომ დემონტაჟის უფლება მიეცათ ზედა სართულის, რომელიც დაიწვა. ექსპერტიზამ დადო დასკვნა, რომ უსაფრთხოა შესვლა ამ ეტაპზე და დღეს იწყება დემონტაჟი სახურავის. ყველა მოვაჭრე იდენტიფიცირებულია, სათითაოდ გაიარა კონსულტაციები ბაზრობის მეპატრონესთან, დაზარალებულების დიდმა ნაწილმა უკვე განაახლა მუშაობა ალტერნატიულ ადგილას”, – განაცხადა დიდუბის გამგებელმა ირმა ზავროდაშვილმა.