საუდის არაბეთში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე რვა ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი
სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, რიადში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე, Saudi Agriculture International Trade Exhibition-ზე რვა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო.
მასშტაბური გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე და საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იოსებ გამგონიძე ესწრებოდნენ.
„ჩვენთვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია. საუდის არაბეთი არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ადგილობრივ სავაჭრო ქსელში ქართული პროდუქტი იყიდება, თუმცა ასეთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობა, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდას როგორც საუდის არაბეთში, ასევე ახლო აღმოსავლეთში“, -აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ.
საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების (აგროქიზიყი, წყალი მარგებლი, აჩინებული, ანიგოზი, ხონის პლანტაციები, კამპა, ჯიმანათსი და ცეზარი) მიერ წარმოებული ქართული კაკალი, მოცვი, წყალი, მშრალი ხილი, შეციებული ცხვრის ხორცი და ორგანული წვენები.
Saudi Agriculture International Trade Exhibition საუდის არაბეთის უმსხვილესი გამოფენაა, რომელიც საუდის არაბეთის სამეფოს გარემოს დაცვის, წყლისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით ხორციელდება. მიმდინარე წელს, გამოფენა მეორმოცედ ჩატარდა და მასში 40-მდე ქვეყანამ და 400-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ყოველწლიურად, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 18 000-ს აღწევს. გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში არსებულ სიახლეებს – წამყვანი კომპანიების მიერ დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და წარმოებულ ტექნიკას.
Saudi Agriculture International Trade Exhibition-ი მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს დაიწყო და 26 ოქტომბერს დასრულდა.
ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავცრელებს.