საუდის არაბეთში კინოთეატრები ფილმით „შავი პანტერა“ გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
Euronews ცნობით, 2030 წლისთვის 300-ზე მეტი კინოთეატრის გახსნა იგეგმება.
მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ კინოთეატრებისგან 24 მილიონი დოლარის მოგებას ელოდებიან, ჯამში კი 30 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება. საუდის არაბეთში კინოთეატრები და სხვა გასართობი დაწესებულებები 1980-იან წლებში სამეფოს კონსერვატორმა მმართველებმა დახურეს.
„შავი პანტერას“ მსოფლიო პრემიერა თებერვალში შედგა და მას შემდეგ ის კინოგაქირავების ლიდერია და მხოლოდ 26 დღეში მოახერხა მილიარდიანი შემოსავლის დაგროვება.
Forbes-ის ინფორმაციით, „შავი პანტერა“ სუპერგმირზე გადაღებული ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა. ფილმმა ჯამში მხოლოდ ამერიკის მასშტაბით 630 მილიონზე მეტი დააგროვა და ის ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმებს შორის ამ დროისთვის მეხუთე ადგილზეა. მსოფლიო მასშტაბით კი მისმა შემოსავალმა უკვე გადააჭარბა 1,23 მილიარდს.
ფილმში მთავარ როლებს ჩედვიკ ბოსმანი, ლუპიტა ნიონგო, ანგელა ბესეტი, მაიკლ ბი ჯორდანი და მარტინ ფრიმენი ასრულებენ.
„შავი პანტერა“ „მარველის“ კომიქსების პერსონაჟია, რომელიც მწერალმა სტენ ლიმ და მხატვარმა ჯეკ კირბიმ შექმნეს.