საუდის არაბეთში კიევის მიერ შემუშავებული „მშვიდობის ფორმულის“ მომავალ სამიტთან დაკავშირებული შეხვედრა იმართება
მედიის ცნობით, კიევის მიერ შემუშავებული „სამშვიდობო ფორმულის“ მომავალ სამიტთან დაკავშირებული შეხვედრა საუდის არაბეთში დაიწყო.
შეხვედრა ქალაქ ჯიდაში იმართება, რომელსაც ეროვნული უსაფრთხოების დარგის სპეციალისტები და 40-მდე ქვეყნის ლიდერის პოლიტიკური მრჩევლები ესწრებიან. მონაწილე ქვეყნებს შორის არიან ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია, მექსიკა, ჩილე და სამხრეთ აფრიკა.
შეხვედრაზე მიწვეული არ არის რუსეთის ფედერაცია.
მოლაპარაკებები საუდის არაბეთში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. დელეგატები განიხილავენ 10-პუნქტიან სამშვიდობო ფორმულას, რომელსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უჭერს მხარს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ვარაუდობს, რომ „მშვიდობის ფორმულასთან“ დაკავშირებული სამიტი 2023 წლის შემოდგომაზე გაიმართება.