საუდის არაბეთის ხელისუფლებამ 11 პრინცი დააკავა. ისინი მას შემდეგ დააკავეს, რაც სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა მკაცრი ეკონომიური ზომები, მათ შორის ბიუჯეტიდან მათი ოჯახებისთვის კომუნალური გადასახადების შეწყვეტა გააპროტესტეს.
არაბული მედიის ინფორმაციით, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა ერთ-ერთი ნათესავის მიმართ სასიკვდილო განაჩენისთვის მონარქს კომპენსაციაც მოსთხოვეს. მონარქის სასახლეში შეკრებილ პრინცებს დაცვამ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, დაუმორჩილებლობის შემდეგ, სამეფო დადგენილების შესაბამისად, ისინი დააკავეს.
პრინცები სასამართლოს წინაშე წარდგებიან. ქვეყნის ნავთობზე დამოკიდებულების შესამცირებლად ტახტის მემკვიდრემ მუჰამედ იბნ სალმანმა საუდის არაბეთში მასშტაბური რეფორმები გასულ წელს დაიწყო. შემოდგომაზე ქვეყანაში კორუფციის ბრალდებით 10-ზე მეტი პრინცი დააკავეს. მათგან უმეტესობამ საპატიმრო მრავალმილიონიანი გირაოს სანაცვლოდ დატოვა.