საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი - მოგზაურებისთვის მშვიდობა საფუძველთა საფუძველია, ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობიანი სამყარო და მსოფლიო არსებობდეს
საქართველოში როდესაც ტურისტები ჩადიან, ელოდებიან, რომ დასავლურ კულტურას შეხვდებიან, არადა აქ არის აღმოსავლური და დასავლური კულტურის ნაზავი, მათ შორის არაბულის, – ამის შესახებ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა, აჰმედ ალ ხათიბმა თბილისში, მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო ტურიზმი სწრაფად ვითარდება.
„დიდი მადლობა მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლობისთვის, აი, ამ ძალიან ლამაზ ქალაქში. ჩვენ ნამდვილად ვისიამოვნეთ გუშინ ქუჩებში სიარულით. პირველად გვქონდა შემთხვევა, როდესაც დღეს ხუთჯერ გვქონდა ტრაპეზი. ძალიან მნიშვნელოვანი და სწრაფი განვითარება ხდება მსოფლიოში. წლის პირველ ნახევარში 8 მილიარდ მოგზაურს მივაღწიეთ და ეს მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება. 1.5 მილიარდი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვა წელს ჩვენს ქვეყანაში, ეს ძალიან კარგი ამბავია დარგისთვის და ქვეყნისთვის, განსაკუთრებით იმ პერიოდში, რომ ჩვენი დღევანდელი ღონისძიების თემა არის მშვიდობა“, – განაცხადა აჰმედ ალ ხათიბმა.
მისი თქმით, მოგზაურებისთვის მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი.
„ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობიანი სამყარო, მსოფლიო არსებობდეს მომავალ წელსაც, როდესაც მსოფლიო ტურიზმის დღეს ჩავატარებთ. დიდი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით მსოფლიოში. რაც შეეხება მდგრადობას, ჩვენ გამოცდილი გვაქვს მდგრადობის საკითხი, როცა „კოვიდი“ გვქონდა ქვეყანაში, მდგრადობა მაშინ გახდა ძალიან აქტუალური და ბევრ სფეროს შეეხო: სოციალურს, ეკონომიკურს, გარემოს დაცვითს. როდესაც საუბარია მდგრადობაზე, ხალხს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ გარემოს დაცვას და ეკოლოგიას შეეხება. როდესაც კორონავირუსმა მცირე და საშუალო საწარმოებს დაარტყა და მშიერი ვიყავით, დავინახეთ, რომ 80% მცირე და საშუალო საწარმოები იყო ქვეყანაში და დიდი წვლილი შეჰქონდათ ჩვენს ბიუჯეტსა და ეკონომიკაში. ამიტომ, თუ მომავალში აქცენტი სწორად გაკეთდება და კოვიდის მსგავსი პრობლემა იარსებებს, სწორი პოლიტიკით, მდგრადობით ეს გამოწვევები შემცირდება“, – განაცხადა საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა.
მისი თქმით, ქვეყნისთვის ბევრი ტურისტი კარგია იმიტომ, რომ მთლიან შიდა პროდუქტზე ახდენს გავლენას.
„ყველა საუბრობს ტურიზმზე მსოფლიოში, ვხედავთ, როგორ ცდილობს ზოგიერთი ქალაქი, რომ ნაკლები ტურისტი ჩავიდეს, რადგან წუხდებიან ტურისტებისგან. ბევრ ქვეყანაში სადაც ვყოფილვარ, ბევრი ტურისტი კარგია იმიტომ, რომ მთლიან შიდა პროდუქტზე აქვს გავლენა. ჩვენ ისეთი პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ, რაც მცირე ქვეყნებს დაეხმარება და იმავდროულად, დაიცავს ბუნებას და იმ განძს, რაც ქვეყანაში გაგვაჩნია. ხალხი სხვადასხვა ქვეყანაში მიდის ბუნების, ახალი არქიტექტურის სანახავად, ამის მიუხედავად, მდგრადობა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გლობალური ტურიზმის მდგრადობის ცენტრი დავაარსეთ, რომელიც დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. გარკვეული პოლიტიკის განხორციელების შედეგად განვსაზღვრეთ საბაზისო წერტილი, რა წვლილი უნდა შეიტანოს ამ დარგმა სითბური აირების ემისიის შემცირებაში. ამ დარგიდან გასულ წელს 2.3%-იანი წვლილი გვქონდა ემისიებში. გვინდა, რომ ჩვენმა დარგმა ზრდა გააგრძელოს, გაორმაგდეს ზრდა და ამის კვალობაზე შემცირდეს სითბური აირების ემისია. შრომითი რესურსი კიდევ ერთი გამოწვევაა. ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებითაც. კოვიდის შემდეგ ხელახლა ვიწყებთ კადრების აყვანას. სასტუმროებს ახალი კადრების აყვანა უჭირთ, რადგან სხვა დარგში გადაინაცვლა ამ შრომითმა რესურსმა. ხალხი გვჭირდება, ახალგაზრდები გვჭირდება. ამ სფეროში 80% ახალგაზრდები მუშაობენ, ამიტომ გვჭირდება მათი აყვანა, გადამზადება და ჩვენს დარგზე მორგება. ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანია დაკავშირებადობა. იამაიკიდან 24 საათი დასჭირდა ჩემს კოლეგას აქ ჩამოსასვლელად. 120 ქვეყანაში ვარ ნამყოფი ყველა რეგიონში, კარიბის კუნძულების ჩათვლით და დაკავშირებადობა არის პრობლემა“, – აღნიშნა აჰმედ ალ ხათიბმა.
მისი თქმით, საქართველოში როდესაც ტურისტები ჩადიან, ელოდებიან, რომ დასავლურ კულტურას შეხვდებიან, არადა აქ არის აღმოსავლური და დასავლური კულტურის ნაზავი, მათ შორის არაბულის.
„მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი მოგზაურებისთვის და ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობიანი სამყარო და მსოფლიო არსებობდეს. როდესაც ტურისტები საქართველოში ჩამოდიან, ელოდებიან, რომ დასავლურ კულტურას შეხვდებიან. არადა აქ არის ნაზავი აღმოსავლური და დასავლური კულტურის. მათ შორის არაბულის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მიღებისთვის, ამ ულამაზეს დედაქალაქში, თბილისში, იმედი მაქვს, რომ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას. გისურვებთ, რომ მეტი ტურისტი გყავდეთ ქვეყანაში“, – განაცხადა საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრმა, აჰმედ ალ ხათიბმა.