საუდის არაბეთის სამეფოში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ვიზიტს საუდის არაბეთის მედია ეხმაურება
საუდის არაბეთის სამეფოში ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ვიზიტს საუდის არაბეთის მედია ეხმაურება

საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ვიზიტს საუდის არაბეთის მედია ეხმაურება.

როგორც გამოცემა Arab news-ი წერს, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის განსახილველ საკითხებს შორის იყო თანამშრომლობისა და საერთო ინტერესების გაღრმავების საკითხები.

Arab news-ის ცნობით, საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრემ და პრემიერ-მინისტრმა, მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა რიადში, ალ-იამამას სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოთხშაბათს უმასპინძლა. დახვედრის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრე და პრემიერ-მინისტრი მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობაზე საუბრობდნენ და სხვადახვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო ინტერესების საკითხებზე მსჯელობდნენ.

Arab news-ი წერს, რომ ტახტის მემკვიდრესთან შეხვედრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მის თანმხლებ დელეგაციას მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რიადის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე პრინცი მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ საუდი, საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრი ფაიზალ ბინ ფედელ ალ იბრაჰიმი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

ამასთან, როგორც Saudi Gazette წერს, ტახტის მემკვიდრემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საუდის არაბეთისა და საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს.

Saudi Gazette წერს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად რიადში, ალ-იამამას სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური მოლაპარაკებები გამართეს, განიხილეს ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობები და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე მხარეებმა საერთო ინტერესების არაერთი საკითხი განიხილეს. საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე მიესალმა ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს საუდის არაბეთში, თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლიერება გამოხატა თბილი მასპინძლობისა და მიღებისთვის. მანამდე მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ირაკლი ღარიბაშვილი პრინცმა მუჰამედ ბინ აბდულრაჰმანმა მიიღო, რომელიც ამავდროულად რიადის გუბერნატორის მოადგილეა.

გამოცემის თარგმანებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.