საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენთვის უცნობია, სად არის ჯამალ ხაშოგის ცხედარი
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მათ არ იციან, სად არის ჯამალ ხაშოგის ცხედარი. ადელ ალ-ჯუბეირის განცხადებით, ჟურნალისტის მკვლელებს თავის ქმედებები ერ-რიადთან არ შეუთანხმებიათ. Fox News-თან ინტერვიუში ალ-ჯუბეირი აცხადებს, რომ საუდის არაბეთი დამნაშავეების დასჯას და მომხდარის მოტივის დადგენას გეგმავს.
„ჩვენ დავადგინეთ, რომ ხაშოგი საკონსულოში მოკლეს. როგორ მოხდა ეს, ჩვენთვის უცნობია. ასევე არ ვიცით, სად არის ცხედარი. ვმუშაობთ თურქ კოლეგებთან და გენერალური პროკურორი მტკიცებულებას აგროვებს. ჩვენ დავადგენთ დამნაშავეებს და ისინი დაისჯებიან“, – განაცხადა საუდის არაბეთის დიპლომატმა.
მისივე თქმით, ხაშოგის მკვლელები დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. მომხდარის შემდეგ სადაზვერვო სამსახურებზე სამთავრობო დელეგაციის კონტროლი გამკაცრდება, რათა ასეთი რამ აღარ განმეორდეს.
„ეს იყო ოპერაცია, რა დროსაც ადამიანებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. მათ დაუშვეს შეცდომა, როდესაც ხაშოგი მოკლეს და შემდეგ ამის დამალვას შეეცადნენ“, – ამბობს ალ-ჯუბეირი
Fox News-თან ინტერვიუში საუდის არაბეთის მთავარი დიპლომატი ამტკიცებს, რომ ერ-რიადი ვაშინგტონის სტრატეგიულ მოკავშირედ რჩება.