საუდის არაბეთის საერთაშორისო კოალიციამ 200 ჰუსიტი პატიმარი გაათავისუფლა
საუდის არაბეთის საერთაშორისო კოალიციამ 200 ჰუსიტი პატიმარი გაათავისუფლა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, პატიმრების გათავისუფლების პროცესში აქტიურად არის ჩართული „წითელი ჯვარი“. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია მათ რეპატრიაციაზე იზრუნებს.
პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, საუდის არაბეთის საერთაშორისო კოალიცია იემენის საჰაერო სივრცეში გარკვეული აკრძალვების გაუქმებას გეგმავს. შედეგად შიიტი ჰუსიტების მიერ კონტროლირებად დედაქალაქ სანაადან ფრენები აღდგება, რაც რეგიონიდან სამედიცინო საჭიროების მქონე პირების ევაკუაციას გაამარტივებს.
შიიტი ჰუსიტები საუდის არაბეთის გადაწყვეტილებას მიესალმნენ და ერ-რიადს დანარჩენი დაპატიმრებული ჰუსიტების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
იემენში სამოქალაქო ომი 2015 წლიდან მიმდინარეობს მიმდინარეობს. ერთმანეთს ქვეყნის ხელისუფლება და ამბოხებული ჰუსიტები ებრძვიან. იემენის მთავრობას სამხედრო ოპერაციებში საუდის არაბეთი ეხმარება.
ამბოხებულ შიიტ ჰუსიტებს შიიტური ირანი უმაგრებს ზურგს. ამ ხნის განმავლობაში მარიონეტული ომის დროს ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, მათი დიდი ნაწილი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.
არაოფიციალური მონაცემებით, საუდის არაბეთი შიიტ ჰუსიტებთან არაფორმალურ მოლაპარაკებებს მიმდინარე წლის სექტემბრიდან აწარმოებს. მიზანი იემენში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაა.