საუდის არაბეთის პირველი დიპლომატი - ირანი ახლო აღმოსავლეთის ყველა კონფლიქტის მონაწილეა
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადელ ალ ჯუბეირმა ლიბანში ირანის წინააღმდეგ ახალი ფრონტის გახსნა დააანონსა, რისი მიზანიც „ჰეზბოლასა“ და ირანის გავლენის დასუსტებაა.
CNN-ისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუდის არაბეთის პირველმა დიპლომატმა ირანის მოკავშირე ლიბანური სამხედრო გაერთიანება „ჰეზბოლა“, რომელიც აშშ-სა და ისრაელს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული, ლიბანის მთავრობაზე ზეწოლაში, ირანი კი სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა. მან ხაზი გაუსვა, რომ ლიბანის პრემიერ-მინისტრ საად ალ-ჰარირის თანამდებობიდან წასვლაც სწორედ „ჰეზბოლას“ უკავშირდება.
ამერიკულ მედიასთან საუბარში ადელ ჯუბეირმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე ყველა ომში ირანი ერთ-ერთი მთავარი აქტორია. მისი თქმით, ოფიციალური თეირანის მიზანი საუდის არაბეთის დასუსტებაა, რის საპასუხოდაც ერ-რიადი ზომებს მიიღებს.