საუდის არაბეთის მთავრობამ შვიდი უფლებადამცველი დააკავა. ყველა მათგანი ქალთა უფლებების დაცვაზე მუშაობდა. დაპატიმრების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობი რჩება. თუმცა, აქტივისტები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება ქალთა ხმის ჩახშობას ცდილობს.
როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, უფლებადამცველები უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტის გამო დააკავეს.
„ბი ბი სი“-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ორი მამაკაცი და ხუთი ქალია. დაპატიმრებულთა ნაწილი საუდის არაბეთში ქალთა მიერ ავტომობილის მართვაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნას ითხოვდა. აღნიშნული შეზღუდვა საუდის არაბეთში ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 24 ივნისიდან უნდა მოიხსნას. ამასთან, დაკავებულ უფლებადამცველთა ნაწილის მოთხოვნა იყო იმ შეზღუდვის გაუქმება, რომელიც საუდის არაბეთის მოქალაქე ქალებს, მამაკაცის თანხმობის გარეშე, ქორწინებას, საზღვარგარეთ მოგზაურობას და პასპორტის აღებას უკრძალავს.