საუდის არაბეთი იემენის ბლოკადას შეასუსტებს. ამის შესახებ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი არაბული სახელმწიფოების სამხედრო კოალიციამ განაცხადა.
კოალიციის ინფორმაციით, 23 ნოემბრიდან წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე იემენის პორტი ჰიდეიდა და დედაქალაქ სანაას საერთაშორისო აეროპორტი სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარების მიღებას განაახლებს.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთმა იემენის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო პორტები ბლოკადაში მას შემდეგ მოაქცია, რაც 4 ნოემბერს იემენის ტერიტორიიდან ერ-რიადის მიმართულებით ჰუსიტმა ამბოხებულებმა რაკეტა ისროლეს. ერ-რიადში აცხადებენ, რომ ბლოკადის გზით ჰუსიტებისთვის იარაღის მიწოდებას აღკვეთენ.
მოგვიანებით, გაერო-ს მხრიდან ზეწოლის შედეგად, არაბული ქვეყნების სამხედრო ალიანსმა ადენის პორტი გახსნა, თუმცა იემენის მოსახლეობის დასახმარებლად ტვირთების ჩასატანად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
გაერო-ში აცხადებენ, რომ იემენში სასწრაფო დახმარება 20 მილიონ ადამიანს ესაჭიროება, აქედან 7 მილიონი ადამიანს შიმშილით სიკვდილი ემუქრება.
იემენში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი სამწლიანმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა შექმნა. 2015 წელს შიიტმა ამბოხებულებმა – ჰუსიტებმა იემენის დედაქალაქი სანაა დაიკავეს. მოქმედი პრეზიდენტი ქვეყნიდან გაიქცა და საუდის არაბეთს შეაფარა თავი. ამჟამად იემენის ერთ ნაწილს ამბოხებულები, მეორეს კი სამთავრობო ძალები აკონტროლებენ. იემენის მთავრობას საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი არაბული კოალიცია ავიადარტყმებით ეხმარება, ჰუსიტ ამბოხებულებს კი თეირანი უჭერს მხარს.