საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაცია 6 სექტემბერს დასრულდება
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველ კონკურსანტთა რეგისტრაცია 6 სექტემბერს დასრულდება. როგორც ცესკო-ში განმარტავენ, საოლქო საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 21 ათასზე მეტ ვაკანტურ ადგილზე 13 ათას 300-მდე განაცხადია შესული.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი 8-13 სექტემბერს გაიმართება, ხოლო 13 სექტემბრიდან უკვე დაიწყება უფლებამოსილი ოთხი საპარლამენტო პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დანიშვნა.
ჯამში, 73 საარჩევნო ოლქის 13 289 უბანში, სულ 21 ათას 822 წევრი უნდა დაინიშნოს.
საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისთვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული კანდიდატების, პარტიების, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და აკრედიტებულ მედიასაშუალებებს. დაშვებული იქნება სხდომების ფოტო და ვიდეო გადაღებაც.
საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, არანაკლებ შვიდი ხმით, სახელობითი კენჭისყრის საფუძველზე.