სატყეო სააგენტო მოსახლეობას ბზის უკანონოდ მოპოვებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს და სანქციების შესახებ აფრთხილებს
ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს ბზის, როგორც წითელი ნუსხით დაცული სახეობის უკანონოდ მოჭრისგან თავი შეიკავონ.
როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეს სანქციები დაეკისრება. მისი განმარტებით, აღნიშნული ქმედება დასჯადია, წელს სანქციებიც გამკაცრებულია და 500-დან 1000 ლარამდე ადმინისტრაციულ ჯარიმას გულისხმობს.
„ტრადიციულად, ბზობის დღესასწაულის დაწყებამდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო ცდილობს, მოსახლეობას შეახსენოს, რომ ბზის, როგორც წითელი ნუსხით დაცული სახეობის მოპოვება ტყის ფონდის ტერიტორიაზე გახლავთ აკრძალული და დასჯადი. ბზა არამხოლოდ რელიგიური დანიშნულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი, არამედ იგი ჩვენი ქვეყნის ეკოსისტემის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. თავისი ბუნებიდან გამომდინარე ისედაც ხასიათდებოდა ბუნებრივად გავრცელების არეალის შეზღუდვით და ამას სამწუხაროდ, წლების განმავლობაში დაემატა მავნებელი დაავადება, რომელმაც თითქმის გაქრობის წინაშე დააყენა ეს სახეობა. სამწუხაროდ, ამას ასევე ემატება ბზობის წინ უკანონო მოპოვებაც. ამიტომ ვცდილობთ ხოლმე, შევახსენოთ მოსახლეობას, საკმაოდ სანქციები არის, საკმაოდ მკაცრი კონტროლია, 500-დან 1000 ლარამდეა ადმინისტრაციული ჯარიმა, თუმცა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ემატება გარემოზე მიყენებული ზიანი, რაც ითვლება სპეციალური მეთოდოლოგიით. თუ ეს თანხა 1000 ლარს აღემატება, უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დგება“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ.
მისი ინფორმაციით, ამ მხრივ ყველაზე ე.წ. ცხელ წერტილად სამეგრელო-ზემო სვანეთი მიიჩნევა. ბუნებრივად ბზა აქ უფრო დიდ ტერიტორიებზეა გავრცელებული.
„ბოლო ხუთი წელია, განსაკუთრებულად აქტიურად ვახორვციელებთ მათ შორის კამპანიასაც და საბედნიეროდ, უკანონო მოპოვების რიცხვიც კლებისკენ წამოვიდა, რაც ძალიან გვახარებს. უფრო და უფრო მეტი ადამიანი ცდილობს, გონივრულად მოიქცეს“, – აცხადებს ნათია იორდანიშვილი.