სატვირთო ავტომობილში ცხედრების აღმოჩენის საქმეზე ბულგარეთი დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან ითანამშრომლებს
დიდ ბრიტანეთში ბულგარეთის საელჩოს ინფორმაციით, ესექსში, სატვირთო ავტომობილში 39 ცხედრის აღმოჩენის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ბულგარეთი დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან ითანამშრომლებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ასოშიეტედ პრესი“ ავრცელებს.
ბულგარეთის საელჩოში აცხადებენ, რომ ამ დრომდე არ არის დადასტურებული, იყო თუ არა სატვირთო ავტომობილი ბულგარეთში რეგისტრირებული. ასევე ჯერ უცნობია, რა ეროვნების იყვნენ გარდაცვლილები.
ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, დაღუპულთა იდენტიფიკაციის პროცესი ხანგრძლივი იქნება.
დიდ ბრიტანეთში, ლონდონის მახლობლად მდებარე ქალაქ გრეისში სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინეს. სატვირთო მანქანა ინდუსტრიულ ზონაში იდგა. სამართალდამცველები გამოძიებას მკვლელობის მუხლით აწარმოებენ. დაკავებულია სატვირთო მანქანის მძღოლი, 25 წლის მამაკაცი ჩრდილოეთ ირლანდიიდან.
პოლიციის ცნობით, მანქანა დიდ ბრიტანეთში ბულგარეთიდან 19 ოქტომბერს ჩავიდა. 39 გარდაცვლილს შორის ერთი მოზარდია.