სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი ცხედრების საქმეზე ვიეტნამის პოლიციამ ორი პირი დააკავა
დიდ ბრიტანეთში, სატვირთო ავტომობილში აღმოჩენილი ცხედრების საქმესთან დაკავშირებით ვიეტნამის პოლიციამ ორი პირი დააკავა, – აღნიშნულ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
პარალელურად ვიეტნამის პოლიცია კიდევ რამდენიმე პირის დაკითხვას აწარმოებს.
მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში, ლონდონის მახლობლად მდებარე ქალაქ გრეისში, სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინეს. სატვირთო ინდუსტრიულ ზონაში იდგა. მანქანა დიდ ბრიტანეთში ბულგარეთიდან 19 ოქტომბერს ჩავიდა. 39 გარდაცვლილს შორის ერთი მოზარდი იყო. მომხდართან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში ოთხი ეჭვმიტანილია დაკავებული.
ცხედრების აღმოჩენიდან რამდენიმე დღეში, ვიეტნამში რამდენიმე ოჯახმა განაცხადა, რომ სატვირთო ავტომობილში შესაძლოა, მათი ოჯახების წევრები იმყოფებოდნენ. მას შემდეგ ვიეტნამის ხელისუფლებამ ქვეყნის შიგნით გამოძიება დაიწყო და პარალელურად, საქმესთან დაკავშირებით ლონდონთან აქტიურად თანამშრომლობს.