სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ვადები კატეგორიების და ქვეკატეგორიების მიხედვით განისაზღვრა
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ვადები კატეგორიების და ქვეკატეგორიების მიხედვით განისაზღვრა.
როგორც მომსახურების სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, AM, A, B, BE, T, S, A1, A2, B1 კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 15 წლით, ხოლო C, CE, D, DE, C1, C1E, D1, D1E და ტრამვაის კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია ხუთი წლით.
„საერთაშორისო მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია სამი წლით (განურჩევლად მინიჭებული კატეგორიისა და ქვეკატეგორიებისა). მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ მართვის მოწმობის შეცვლა ხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) წარდგენის საფუძველზე“, – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.
ამასთან, შსს-ს მომსახურების სააგენტოს განცხადებაში მოცემულია ინფორმაცია იმ მართვის მოწმობების შესახებ, რომლებიც ექვემდებარებიან გამოცვლას.
„2006 წლის პირველ აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის პირველ აპრილს ამოეწურათ. მათი შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. შესაცვლელად საჭიროა, პირმა წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მოქმედი მართვის მოწმობა.
2006 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა 2019 წლის პირველ მარტს ამოეწურათ.
2006 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის პირველ სექტემბრამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.