სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მეტროს მემანქანეებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან
სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მემანქანეებს, მხედველობაში მიიღონ მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიების მნიშვნელობა და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან, – ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მეტროს მემანქანეების მიერ ხვალისთვის დაანონსებული გაფიცვის შესახებ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„მეტროს მემანქანეების გაერთიანება „ერთობა 2013“-ის წევრებმა, 3 ივნისს გამართულ აქციაზე განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში იწყებენ უვადო გაფიცვას და შიმშილობას, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს 18 მაისის გადაწყვეტილებით, მათ დროებით შეზღუდული ჰქონდათ ამის უფლება.
აღნიშნულთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიზანი იყო მხოლოდ დავის განხილვის პერიოდში მემანქანეების მხრიდან გაფიცვის უფლების დროებითი შეზღუდვა და მეტროპოლიტენის ჩვეულ რეჟიმში გამართულად ფუნქციონირება, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული საფრთხე და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საქმიანობების პარალიზება.
სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მემანქანეებს მხედველობაში მიიღონ მოსახლეობის უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით სასამართლოს მიერ გამოტანილი დროებითი ღონისძიების მნიშვნელობა და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან“, – აღნიშნულია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.