სატელეკომუნიკაციო ტენდერში „მაგთიკომმა“, „ჯეოსელმა“ და „ბილაინმა“ გაიმარჯვეს
სატელეკომუნიკაციო ტენდერში სამივე პრეტენდენტმა – „მაგთიკომმა“, „ჯეოსელმა“ და „ბილაინმა“ გაიმარჯვეს. გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ დღეს მიიღო. წინა წლებში ტენდერში „მაგთიკომი“ და „ჯეოსელი“ იმარჯვებდნენ.
კომისიის წევრებმა დაადგინეს, რომ კომპანიების წინადადებები სატენდერო დოკუმენტაციით დადგენილ პირობებსა და მოთხოვნებს სრულიად შეესაბამება.
პირველი არხი დაინტერესდა, შეიცვლება თუ არა აბონენტთა არსებული გადანაწილება და გადავა თუ არა საჯარო მოსამსახურეთა ნაწილი „ბილაინის“ ქსელში. როგორც გაირკვა, აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება საჯარო უწყებებს ინდივიდუალურად შეეძლებათ. მათ „მაგთიკომთან“, „ჯეოსელთან“ ან „ბილაინთან“ შესაბამისი ხელშეკრულება უნდა გააფორმონ. საუბარია დაახლოებით 260 ათასი აბონენტის მომსახურებაზე.
აღნიშნული ტენდერი წინა წლებთან შედარებით, შეცვლილი პირობებით ჩატარდა. ცვლილება ტარიფებსაც შეეხება. კერძოდ, ძვირდება ინტერნეტის ღირებულება, თუ აქამდე 15 გიგაბაიტის შეძენა 4.99 ლარად იყო შესაძლებელი, ახალი პირობებით, იმავე ფასად აბონენტებს 5-გიგაბაიტიანი პაკეტის შეძენა შეეძლებათ. 3.99 ლარად კი, ხუთი გიგაბაიტის ნაცვლად, სამი გიგაბაიტის ყიდვა იქნება შესაძლებელი.