სატელეკომუნიკაციო ტენდერის დასრულებამდე საჯარო მოსამსახურეები ძველი ტარიფებით ისარგებლებენ
სატელეკომუნიკაციო ტენდერის დასრულებამდე საჯარო მოსამსახურეები ძველი ტარიფებით ისარგებლებენ. შესაბამისი განცხადება შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა განთავსებული.
„გთხოვთ, აღნიშნულის მიზნით მიმართოთ მიმწოდებლებს, CON170000115 კონსოლიდირებული ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე, მიმდინარე ხელშეკრულებების ვადის ურთიერთშეთანხმებით გადაწევის თაობაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„მაგთიკომთან“ და „ჯეოსელთან“ წინა ტენდერით დადგენილი ვადა დღეს ამოიწურა.
რაც შეეხება ახალ ტენდერს, განაცხადების მიღება დღეს სრულდება. თუმცა უცნობია, როდის გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას (ან კომპანიებს) სატენდერო კომისია.
შეგახსენებთ, რომ სატენდერო დოკუმენტაციაში შეცვლილია პირობების ნაწილი. სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს მეტი თანხის გადახდა მოუწევთ ინტერნეტ მომსახურებაში. მაგალითად, თუ 15 გიგაბაიტის ფასი 4.99 ლარი იყო, ახალი პირობებით იმავე ფასად აბონენტებს 5-გიგაბაიტიანი პაკეტის შეძენა შეეძლებათ. 3.99 ლარად ხუთი გიგაბაიტის ნაცვლად, სამი გიგაბაიტის შეძენა იქნება შესაძლებელი.
კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაახლოებით 260 000 აბონენტს მოემსახურება.