სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ახალი სახელმწიფო ტენდერი შეცვლილი პირობებით გამოცხადდა
სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე ახალი სახელმწიფო ტენდერი გამოცხადდა. განცხადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ახალ ტენდერში განაცხადების მიღება დაწყებულია და 1-ელ მარტს, 13.00 საათზე დასრულდება.
შეცვლილია სატენდერო პირობებიც. მაგალითად, გამარჯვებული კომპანია სახელმწიფო უწყებებს მომსახურებას 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაუწევს. წინა ტენდერში კი ვადა 2018 წლის 30 ივნისი იყო.
შეცვლილია ტარიფების ნაწილიც. მაგალითად, თუ ძველ სატენდერო დოკუმენტაციაში 15 გიგაბაიტის ფასი 4.99 ლარი იყო, ახალი პირობებით იმავე ფასად აბონენტებს ხუთგიგაბაიტიანი პაკეტის შეძენა შეეძლებათ. 3.99 ლარად ხუთი გიგაბაიტის ნაცვლად, სამი გიგაბაიტის შეძენა იქნება შესაძლებელი.
კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაახლოებით 260 000 აბონენტს მოემსახურება.
შეგახსენებთ, 31 იანვარს გამოცხადებულ ტენდერში მხოლოდ „ბილაინი“ მონაწილეობდა. 23 თებერვალს კი სატენდერო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის ერთ-ერთ მიზეზად ის დასახელდა, რომ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა.
„კომუნიკაციების სფეროს სპეციფიურობიდან, მისი მაღალი მნიშვნელობიდან და უწყვეტი მომსახურების აუცილებლობიდან გამომდინარე, არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საჭირო იყო ტენდერში ერთზე მეტი გამარჯვებული მიმწოდებლის არსებობა, რათა ერთ-ერთი მათგანის შეფერხების შემთხვევაში, თავიდან ყოფილიყო აცილებული მომსახურების გარეშე დარჩენის რისკი, რომელიც, თავის მხრივ, საფრთხეს შეუქმნიდა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების სრულყოფილ და გამართულ ფუნქციონირებას“, – აღნიშნულია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.