სასწრაფოდ საჭიროა ვაქცინა ინფექციის წინააღმდეგ, რომელიც წელიწადში 150 000 ახალშობილს კლავს — ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია #1tvმეცნიერება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ საჭიროა სასწრაფოდ შეიქმნას ვაქცინა ერთი ბაქტერიული ინფექციის წინააღმდეგ, რომლის გამოც, წელიწადში 150 000 მუცლადმყოფი ნაყოფი და ახალშობილი იღუპება.
გაერო-ს ჯანდაცვის სააგენტოსა და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის ახალი მოხსენების მიხედვით, B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექცია (GBS), რომელიც უსაფრთხოდ ბუდობს ყოველ მესამე მოზრდილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ნაადრევი მშობიარობისა და დაინვალიდების იმაზე დიდი მიზეზია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა.
მოხსენება ადასტურებს 2017 წლის კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, ეს ბაქტერია ყოველწლიურად თითქმის 100 000 ახალშობილისა და 50 000 მუცლადმყოფი ნაყოფის სიკვდილს იწვევს. ამავე დროს, მოხსენება მიუთითებს მონაცემებში არსებულ მნიშვნელოვან სიცარიელეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ რეალური რიცხვები შეიძლება უფრო მაღალიც იყოს.
პირველად ისტორიაში, მოხსენების ფარგლებში რაოდენობრივად შეფასდა მისი გავლენა ნაადრევ მშობიარობაზე და დაადგინა, რომ B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექცია წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი ნაადრევი მშობიარობის მიზეზია, რაც გრძელვადიან, მნიშვნელოვან შეზღუდულ შესაძლებლობებს იწვევს.
ასეთი შემზარავი მაჩვენებლების ფონზე, მოხსენების ავტორები დანანებით აღნიშნავენ, რომ მის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა არ მიმდინარეობს.
„ახალი კვლევა აჩვენებს, რომ B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექცია ახალშობილთა გადარჩენისა და კარგად ყოფნის დიდი და სათანადოდ შეუფასებელი საფრთხეა, რომელსაც გამანადგურებელი გავლენა აქვს მრავალ ოჯახზე მთელ მსოფლიოში“, — წერს განცხადებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ფილიპ ლამბახი.
მისივე განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხედავს დედებისთვის განკუთვნილი ვაქცინის სასწრაფო საჭიროებას, რომელსაც ძირეული გავლენა ექნება მსოფლიო მასშტაბით.
ლამბახს ეთანხმება ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის რეპროდუქციული და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის პროფესორი ჯოი ლაუნი.
„დედების ვაქცინაციამ შეიძლება უახლოეს წლებში ასობით ათასი ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინოს“.
ლაუნი იქვე დანანებით აღნიშნავს, რომ B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის ვაქცინის საჭიროებაზე საუბარი ჯერ კიდევ 30 წლის წინ დაიწყო, მაგრამ ამ მიმართულებით პროგრესი არ გვაქვს.
მსოფლიოში, ფეხმძიმე ქალების საშუალოდ 15 პროცენტი, ანუ წელიწადში 20 მილიონი, ვაგინაში B ჯგუფის სტრეპტოკოკულ ბაქტერიას ატარებს.
მიუხედავად ამისა, შემთხვევათა უმეტესობა უსიმპტომოა და ინფიცირებულ ორსულ ქალს შეუძლია ეს ბაქტერია ნაყოფს გადასცეს ამნიოტური სითხის გზით ან დაბადების პროცესში, როდესაც ჩვილი ვაგინალურ არხს გაივლის.
ჩვილები და ნაყოფები განსაკუთრებით მოწყვლადები იმიტომ არიან, რომ მათი იმუნური სისტემა ჯერ საკმარისად ძლიერი არ არის გამრავლებად ბაქტერიასთან საბრძოლველად.
მკურნალობის გარეშე, B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციას შეუძლია გამოიწვიოს მენინგიტი და სეფსისი, რომლებიც ხშირად სასიკვდილოა. გადარჩენილ ჩვილებს შეიძლება განუვითარდეთ ცერებრალური დამბლა ან მხედველობისა და სმენის სამუდამო პრობლემები.
ახალი მოხსენების მიხედვით, ეს ბაქტერია წელიწადში 40 000 ბავშვს ტოვებს ნევროლოგიური დაზიანებებით.
ამჟამად, B ჯგუფის სტრეპტოკოკული ბაქტერიით ინფიცირებულ ქალებს მშობიარობისას ანტიბიოტიკებს აძლევენ, რათა შემცირდეს მისი ბავშვზე გადადების შანსი.
თუმცა, ეს მიდგომა პრობლემურია ისეთ ადგილებში, სადაც ნაკლებად ხელმისაწვდომია სკრინინგი და ანტიბიოტიკების მიღება მშობიარობის დროს.
B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის ყველაზე დიდი მაჩვენებლები სუბსაჰარულ აფრიკაში ფიქსირდება; ამ რეგიონზე მოდის მსოფლიო შემთხვევათა ნახევარი. შემდეგია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია.
მოხსენება მიუთითებს, რომ ორსულობის გეგმური შემოწმებების დროს B ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის ვაქცინის გაკეთებას შეუძლია, ყოველწლიურად მსოფლიოში ათობით ათასი ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინოს.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.