სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისთვის დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი გახდება
თბილისის მერის განცხადებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებისთვის დეკრეტული შვებულება ანაზღაურებადი გახდება.
ამის შესახებ კახა კალაძემ 112-ის ახალი პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.
„ჩვენ ვაპირებთ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. ვაპირებთ ახალი ავტომობილების შემოყვანას სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის, ვაპირებთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად, როდესაც თანამშრომლები გადიოდნენ დეკრეტულ შვებულებაში, წელს ეს იქნება ანაზღაურებადი და ეს მისასალმებელია”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ ასევე, მოქალაქეების მხრიდან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანისთვის გზის დათმობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
„თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს, რომ ეს ერთი ადამიანის გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, ყველა იმ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ, რომელიც დღეს დედაქალაქისთვის აქტუალურია და ჩვენი ქალაქი კეთილმოწყობილი და სერვისებზე ორიენტირებული იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ და შსს-ს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.