სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკს 60 ახალი მანქანა გადაეცა [ფოტო]
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი კიდევ ერთხელ განახლდა.
თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, თბილისის მერ კახა კალაძესთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებული პრეზენტაცია გამართეს.
ჯანდაცვის სამინისტრომ ცენტრს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი 60 მანქანა გადასცა. მათგან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილია, ხოლო 15 მაღალი გამავლობის რეანომობილი, რომელიც კრიტიკული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.
„სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მომსახურების გაუმჯობესება არის ჩვენი პრიორიტეტი. ამ მანქანებიდან, რვა მანქანა განთავსდება თბილისში, საიდანაც ერთი იქნება რეანომობილი. დანარჩენი მანქანები განაწილდა რეგიონებში იმ პროპორციით, რომელიც დღესდღეობით დადგენილია ქვეყნის მასშტაბით.
რეანომობილებთან დაკავშირებით, მონიტორინგი დაწყებულია იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ეფექტური რეანომობილებისა და ზოგადად, სამედიცინო სერვისების ხარისხის მართვაში. ამისთვის, მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მისცემს სამინისტროს, აღმასრულებელ ორგანოს იმის საშუალებას, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედოს და გააუმჯობესოს ჩვენი ჯანდაცვის ხარისხი.
რეანომობილების მონიტორინგი დაიწყო ერთი წლის წინ და ჩვენ ეტაპობრივად ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ამ კუთხით ხარისხი, ვინაიდან ჩვენ ყველას გვახსოვს, რა შემთხვევები ფიქსირდებოდა მაშინ, როდესაც ამ კუთხით არ იყო სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა და მონიტორინგი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცენტრის ავტოპარკის განახლება 2014 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და დღემდე ავტოპარკი სულ 362 ავტომობილით განახლდა.