„კრწანისში“ ახალწვეულებს შორის სავარაუდო დაპირისპირების ფაქტზე სამხედრო პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ახალწვეულებს შორის სავარაუდო დაპირისპირების ფაქტზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში საქმე აღიძრა.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე, მოწმეთა წინასწარი გამოკითხვით, ცემის ფაქტი არ დასტურდება.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო გამოკვლევის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეზე არც გარეგანი დაზიანების ან ტრავმის კვალი აღმოჩენილა.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ახალწვეულებს შორის სავარაუდო დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 386-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახურეებს შორის დამოკიდებულების წესის დარღვევას, რასაც თან ახლდა დაზარალებულის პატივის ან ღირსების დამცირება ანდა მისი იძულება.
ამ ეტაპზე მოწმეთა წინასწარი გამოკითხვით, ცემის ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულს, ადასტურებს კლინიკა „რუსთავში” ჩატარებული კვლევები, მათ შორის თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც რაიმე სახის დაზიანება არ გამოვლენილა. სამედიცინო გამოკვლევის შედეგად, სამხედრო მოსამსახურეზე არც გარეგანი დაზიანების ან ტრავმის კვალი აღმოჩენილა.
რუსთავის სამედიცინო დაწესებულების გარდა, დამატებითი სამედიცინო კვლევები ე. ეფენდიევს გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალშიც ჩაუტარდა, მათ შორის ლაბორატორიული კვლევები, გულმკერდის რენტგენოსკოპია, ასევე ნევროლოგიური, ფსიქიატრიული და ფსიქოლოგიური კვლევები, სადაც ჯანმრთელობის რაიმე სახის დაზიანება ასევე, არ გამოვლენილა.
სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას რაიმე სახის ჩივილები არ გააჩნია“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.