თბილისის სასულიერო აკადემია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ულოცავს აღსაყდრებიდან 44-ე წელს.
„თქვენო უწმინდესობავ, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სამეცნიერო საბჭო, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები უდიდესი მოწიწებით, პატივისცემითა და მადლიერებით გილოცავთ თქვენი აღსაყდრების ორმოცდამეოთხე წელს.
განუზომელია თქვენი ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მთელი ქართველი ერის წინაშე. აღსაყდრების დღიდან თქვენ მიზნად დაისახეთ სულიერების, საეკლესიო განათლებისა და მეცნიერების აღორძინება, რაც შეუძლებელი იქნებოდა უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლების გარეშე.
სწორედ თქვენი განსაკუთრებული ძალისხმევისა და უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტის შედეგია საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის საყოველთაოდ აღიარება, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო ჩვენი ერის ცხოვრებაში.
ამ ფაქტს წინ უსწრებდა თქვენ მიერ უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლის – თბილისის სასულიერო აკადემიის დაფუძნება, რაც შეუძლებელი ჩანდა იმ ეპოქაში.
თქვენი მოღვაწეობის შედეგად დაარსდა, აგრეთვე, გელათის სასულიერო აკადემია, ისევე როგორც – სასულიერო სემინარიები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
უშუალოდ თქვენს სახელს უკავშირდება დაფუძნება ახალი ეპარქიებისა, ახალ მღვდელთმთავართა გამორჩევა და კურთხევა, ქართული ეპარქიების შექმნა ქვეყნის საზღვრებს გარეთ, რაც უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებზე თქვენი განსაკუთრებული მზრუნველობით არის განპირობებული, სამონასტრო ცხოვრების აღდგენა, არნახული საეკლესიო აღმშენებლობა, რაც დაგვირგვინდა სამების საკათედრო ტაძრის აგებით, სამრევლო სკოლების გახსნა, უძველესი ქართული საეკლესიო არქიტექტურის, ხატწერის, გალობის აღორძინება, უდიდესი ღირსებით შემკულ ქართველ მოღვაწეთა კანონიზება, შვიდგზის ლოცვითი წესის დამკვიდრება, როგორც საშუალება ქართველი ერის სულიერი გამთლიანებისა და მასზე საღვთო მადლის გარდამოვლენისა.
თქვენივე ღვაწლით დაარსდა გელათის მეცნიერებათა აკადემია, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის „ქართული უნივერსიტეტი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, რადიო „ივერია“, წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი და არაერთი სხვა საუნივერსიტეტო კერა საერო და სასულიერო განათლებისა, ახალ სიმაღლეზე ავიდა საეკლესიო გამომცემლობა, დაფუძნდა „სულიერების, კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი“, რომელიც ახორციელებს ეროვნული მნიშვნელობის პროექტებს, ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმდა კონსტიტუციური შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი იურიდიული სტატუსი.
თქვენ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებთ დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესებას. სწორედ თქვენი განსაკუთრებული ღვაწლისა და საგანგებო კურთხევის შედეგია ის, რომ ქართველ ერს და ეკლესიას შეემატა 43000-მდე თქვენი ნათლული.
უკვე 44 წელია, რაც თქვენ თავდადებით ემსახურებით ეკლესიას, ქართველ ერს. ურთულეს ეპოქაში მაღალმა ღმერთმა თქვენ გამოგირჩიათ, აგამაღლათ და მოგანიჭათ უმძიმესი და უაღრესად საპატიო ჯვარი ივერიის უძველესი ეკლესიის საჭეთმპყრობლისა, რომელიც ჩვენი ხალხისადმი საღვთო სიყვარულით და განსაკუთრებული სულიერი მხნეობით იტვირთეთ, რის გამოც თქვენს მიმართ უდიდესი სიყვარული და პატივისცემა აქვს ღირსებით გამორჩეულ ქართველ ერს.
თქვენო უწმინდესობავ, შეუძლებელია სრულად წარმოჩენა თქვენი ღვაწლისა. ძალისამებრ, მხოლოდ მცირედი მოვიხსენეთ. ვაცნობიერებთ რა თქვენი პიროვნების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისათვის, შევთხოვთ ღმერთს, მოგანიჭოთ მრავალჟამიერი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომ კიდევ მრავალი წელი შეეწეოდეს ჩვენს სამშობლოს თქვენი წინამძღვრობისა და ღვთის წინაშე აღვლენილი თქვენი მამამთავრული ლოცვის მადლი“, – აღნიშნულია მილოცვაში.