სასტუმრო, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა
შრომის ინსპექციამ სასტუმრო „ვინოტელი“, სადაც ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები იმყოფებიან, 10 000 ლარით დააჯარიმა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა განუცხადა. მისივე თქმით, ობიექტს ღონისძიების დაშლის მკაცრი გაფრთხილება მიეცა.
„შრომის ინსპექციისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტის შესახებ. მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება. შრომის ინსპექციამ გამოავლინა 322-ე დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელება. გამოიკვეთა სამართალდამრღვევი იურიდიული პირი და ობიექტის მიმართ გამოყენებულ იქნება შესაბამისი სანქცია, 10 000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულ ობიექტს მიეცა მკაცრი გაფრთხილება ღონისძიების დაშლასთან დაკავშირებით. თუ გამოვლინდება განმეორებით აღნიშნული ქმედების განხორციელება, ბუნებრივია, იქნება შესაბამისი რეაგირება და აღნიშნული მასალები გადაეცემა შსს-ს“, – განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა.
კითხვაზე, რატომ არ დაჯარიმდნენ ღონისძიების მონაწილე კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციისა და კარანტინის წესები, შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ უწყება ზედამხედველობას ახორციელებს მხოლოდ დადგენილებით განსაზღვრულ ქმედებებზე.
„შრომის ინსპექცია ზედამხედველობას ახორციელებს დადგენილებით განსაზღვრულ ქმედებებზე. შესაბამისად, შრომის ინსპექციამ თავისი ზედამხედველობა განახორციელა იმ ქმედებაზე, რომელიც დადგენილებით არის განსაზღვრული“, – განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი