სასტუმრო „პარაგრაფში“ აცხადებენ, რომ პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, იმყოფებოდა სასტუმროში დროებით და ცხოვრობდა ბათუმში ოჯახთან ერთად
„პარაგრაფის“ ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც სასტუმროში დროებით იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სასტუმროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
თამუნა ჯიჯიხიას თქმით, ინფიცირების ფაქტი ბათუმის ცნობილ კლასტერს უკავშირდება და უშუალოდ სასტუმროს ტერიტორიაზე „კოვიდ-19“-ის შემთხვევა არ დასტურდება.
„პიროვნება, რომელსაც დაუდასტურდა „კოვიდ-19“, არ არის სასტუმრო „პარაგრაფის“ შტატიანი თანამშრომელი. ის იმყოფებოდა სასტუმროში დროებით, ცხოვრობდა ბათუმში ოჯახთან ერთად. აღნიშნულ პიროვნებას დაუდასტურდა „კოვიდ-19“ თბილისში გუშინ და გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. ეს არის ცნობილი ბათუმის კლასტერი, მისი ოჯახი იყო ბათუმში, იქ ისვენებდნენ. შესაბამისად, ცნობილი ბათუმის კლასტერია. სასტუმროს ტერიტორიაზე კოვიდის დადასტურებული შემთხვევა ჩვენ არ გვაქვს“, – აცხადებენ პრესსამსახურში.
ამასთან, პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ოთხ თანამშრომელს, ვინც უშუალოდ იყო ინფიცირებულთან კონტაქტში, კვლევა უტარდება.
„პროცედურების სრული დაცვით იმყოფებიან იზოლაციაში. სასტუმრო „პარაგრაფი“ აგრძელებს მუშაობას და რა თქმა უნდა, ახლანდელ და მომავალ სტუმრებს მყისიერად მივაწვდით ინფორმაციას იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლების პასუხი დადებითი იქნება“, – აღნიშნა თამუნა ჯიჯიხიამ.