პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულ, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელ როენა ხუცურაულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
როგორც საქართველოს პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს, ბრალი წარედგინა ასევე ხუცურაულთან ერთად დაკავებულ კიდევ ორ პირს.
დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით ედებათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.
დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.
როგორც ხუცურაულის ადვოკატმა, არჩილ დვალიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
„ჩვენი შუამდგომლობა იქნება, საქმე საერთოდ შეწყდეს. ასევე ალტერნატივის სახით, შევთავაზებთ 30 000 ლარს, რადგან როენა ხუცურაული არის უდანაშაულო. საქმეში არ არის ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც ბრალდების მხარეს საფუძველს მისცემს, რომ პატიმრობა მოითხოვს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის“, – განაცხადა არჩილ დვალიშვილმა.
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით გუშინ სამი პირი, მათ შორის სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი დააკავეს.