სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი გამოთქვამს მზადყოფნას, კახა კალაძეს შეხვდეს
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი გამოთქვამს მზადყოფნას, კახა კალაძეს შეხვდეს

სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი გოგა ზაქაიძე გამოთქვამს მზადყოფნას, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე თბილისის მერ კახა კალაძეს შეხვდეს. ამის შესახებ გოგა ზაქაიძემ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

გოგა ზაქაიძის თქმით, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ძალადობის ფორმა მიიღო.

როგორც ზაქაიძე აცხადებს, კომპანიამ ტერიტორია კანონის სრული დაცვით შეისყიდა.

„ამ პროცესში მე და ჩემი კომპანია უსამართლოდ აღმოვჩნდით სისტემისა და საზოგადოების პირისპირ. მთელი ამ დავის პროცესში ყველა დაინტერესებულმა თუ მონაწილე მხარემ დაგვადანაშაულა ჩვენ, მათ შორის, ქალაქის ძველმა და ახალმა ხელმძღვანელობამ. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად დაგვეკისრა მხოლოდ ჩვენ.

მინდა, მივმართო ყველა დაინტერესებულ პირს, ჩვენმა კომპანიამ ეს ტერიტორია, შეისყიდა კანონის სრული დაცვით, არც არავის უჩუქებია და არც სიმბოლურ ფასად ერთ ლარად შეგვიძენია. იყო გამოტანილი გასაყიდი საინვესტიციო ქონება და ჩვენმა კომპანიამ ის შეიძინა.

შევიძინეთ კომპაქტური და არქიტექტურულად გარემოსთან შესატყვისობაში მყოფი პროექტი, რაზეც იყო გაცემული ნებართვა. თუ საზოგადოება გადახედავს ვაკის პარკის მიმდებარედ ან მის ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობებს, ჩვენი პროექტი მათთან შედარებით შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური ეკოლოგიური ნაგებობა.

რაც შეეხება საკითხს, რატომ შევყევით სასამართლო დავაში არასამთავრობოებს და აქტივისტთა ჯგუფებს, მივიჩნიეთ, რომ როგორც ძირითადად ხდება, პროცესი იყო მართული. ამ ადგილზე არსებობდა რესტორანი, ხოლო ვაკის პარკისგან მიტაცებულ ტერიტორიებზე იგივე პერიოდში აშენდა კორპუსები, რესტორნები, სხვა ინფრასტრუქტურა საზოგადოების არც ერთ ნაწილს, არც ერთ ეტაპზე, ეს პროცესი არ გაუპროტესტებია.

ჩვენგან არის მზაობა, შევხვდეთ ქალაქის მერს, კახა კალაძეს და ერთობლივად მოვიძიოთ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი. გვაქვს მოლოდინი, რომ მერია გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯს და მოგებული პროცესის მიუხედავად, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდებით“, – წერს გოგა ზაქაიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.