სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი აცხადებს, რომ თბილისის მერია საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ იმყოფება
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი აცხადებს, რომ თბილისის მერია საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ იმყოფება

რეალობა არის ის, რომ მერია საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშაა და გადასულია ძველებურად ხელის გადაგრეხვაზე, – ამის შესახებ სასტუმრო „ბუდაპეშტის” მფლობელმა, გოგა ზაქაიძემ მერიაში შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუ მერია დროულად არ გასცემს სასტუმროს მშენებლობის ნებართვას, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.

„ნარმანიას შემდეგ იგივეს აკეთებენ ესენიც. არ აქვთ არანაირი უფლება, რომ მშენებლობის ნებართვა არ გაგვიგრძელონ. ჩვენმა კომპანიამ იყიდა მიწა მშენებლობის ნებართვით. 2013 წელს პროექტი შევიძინეთ, სასამართლოს მიერ აღდგენილი განჩინებით გვაქვს მშენებლობის ნებართვა თავისი სპეც-ნებართვით და მერიას აქვს დავალებული, რომ აღგვიდგინოს. მშენებლობის ნებართვის გაცემას სჭირდება ერთი სამუშაო დღე. აპელირებენ, თითქოს ტექნიკური შეფერხებაა. თუ არ შეასრულებენ ვალდებულებას, მივმართავთ სასამართლოს ზიანის მიმართულებით.  ზარალი საკმაოდ დიდი გვაქვს მიღებული. თანხები, რომელიც ინვესტორისთვის უნდა გადაგვეხადა, ყოველდღიურად იზრდება. ნაცვლად იმისა, რომ დროულად მოვილაპრაკოთ და ზიანზე არ ვუჩივლოთ, გველაპარაკებიან, რომ ავაშენოთ რაღაც რესტორანი რომელიც ადრე იყო ვაკის პარკში ან გავცვალოთ მიწის ნაკვეთი. ჩვენ არც რესტორნის მშენებლობის და არც მიწის გაცვლის სურვილი არ გვაქვს. სასამარათლო მოვიგეთ და კიდევ იგივეზე გვიწევს საუბარი”,-აცხადებს გოგა ზოიძე.

შეგახსენებთ, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელს დღეს თბილისის მერი, კახა კალაძე შეხვდა, თუმცა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

სასტუმროს 2013 წელს თბილისის მაშინდელი მერის, გიგი უგულავას დროს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მოპოვებული აქვს მშენებლობის უფლება. ინვესტორს ადგილზე მრავალსართულიანი სასტუმრო უნდა აეშენებინა. ნებართვის გაუქმების მიზნით, დავა სასამართლოს სამივე ინსტანციაში მიმდინარეობდა, რომელიც ბოლოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა „მწვანე ალტერნატივის“ საჩივარი 2013 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვის გაუქმების შესახებ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, თბილისის მერია სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელთან მოლაპრაკებას ცდილობს. ალტერნატივის სახით მერია ინვესტორს ადგილზე ძველი რესტორნის აღდგენას ან მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობას სთავაზობს.