სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების წესი იცვლება
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების წესი იცვლება

„სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

ახალი დადგენილების მიხედვით, სააგენტოს თანადაფინანსების გაცემის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ბენეფიციარის თანამონაწილეობა, რომელიც დასაფინანსებელი პროექტის ჯამური ღირებულების არანაკლებ 50 პროცენტს უნდა შეადგენდეს, ხოლო მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) მოთხოვნის შემთხვევაში − არანაკლებ 70 პროცენტს. ამ შემთხვევაში, სააგენტოს თანადაფინანსების მოცულობა ერთ ბენეფიციარზე მარცვლეულის მოსავლის ასაღებად განკუთვნილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის (კომბაინის) შემთხვევაში შეადგენს ღირებულების 30 პროცენტს, მაგრამ არაუმეტეს 150 000 ლარი, ხოლო სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემთხვევაში − 50 პროცენტს, არაუმეტეს 150 000 ლარის.

აღნიშნული პროგრამით არ ფინანსდება ყურძნის მოსავლის ამღები ტექნიკა.

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის მიზანია მოსავლის ამღებ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.