სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შესაძლოა, ვალდებულებები დაეკისროთ
პარლამენტში “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ” კანონპროექტზე მსჯელობენ. სამუშაო შეხვედრაში ბიზნესომბუდსმენი, საბანკო ასოციაციის, ბიზნეს ასოციაციაციის და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების მიყიდვის აკრძალვამ საბანკო სექტორთან მიმართებაში პრობლემები შექმნა, რის გამოც კანონის დამტკიცებამდე არსებულ მორატორიუმში შესაძლოა, ცვლილება შევიდეს.
“გვინდა, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ეს პრაქტიკა, რომ მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული ნებისმიერი რისკი, რომელიც შეიძლება აისახოს ფინანსურ ხელმისაწვდომობაზე. დაახლოებით 200 მილიონ ლარამდეა პრობლემატური სესხები, რომელიც მორატორიუმის გამო შეფერხდა. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი ცვლილება შევიდეს მორატორიუმში, რომ ფინანსური რესურსი იყოს ხელმისაწვდომი ფერმერებისთვის”, – აღნიშნა დანელიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ახალმა კანონმა შესაძლო, სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელი უცხოელებისთვის გარკვეული ვალდებულებები დააწესოს.
“კანონპროექტი გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზების აკრძალვას. საქართველოს მოქალაქეებზე აბსოლუტურად არანაირი შეზღუდვა არ არის და სერიოზულად ვმსჯელობთ იმაზე, რომ რეტროაქტიურად, ანუ უკანა ქმედებით ვალდებულებები დაეკისროთ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ მიწას და შესაბამის სანქციებზე გვექნება საუბარი”, – განაცხადა დანელიამ.