სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის რეფორმა შესაძლოა, 2020 წლის პირველ იანვრამდე გაგრძელდეს
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მომზადდა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციის რეფორმის 2020 წლის პირველ იანვრამდე გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
ცვლილებების ინიციატორია პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია.
კანონპროექტის მიხედვით, რეფორმის დაწყებიდან 2019 წლის მაისის მდგომარეობით, 661 100-ზე მეტი მიწის ნაკვეთია რეგისტრირებულია. მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით სააგენტოს ყოველდღიურად წარედგინება 1500-დან 2000-მდე განცხადება. ცალკეულ დღეებში განცხადებების რაოდენობა კი, დღეში 5000-ს აჭარბებს.
ამასთანავე, კანონპროექტში აღნიშნულია, რომ 2019 წლის მაისის მდგომარეობით სააგენტოში 86 400-ზე მეტ განცხადებაზე მიმდინარეობს სარეგისტრაციო წარმოება. ამ განცხადებების ნაწილი, კერძოდ, 27 320-ზე მეტი განცხადება საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით გაგზავნილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიებში, ხოლო 54 200-ზე მეტ განცხადებაზე სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში მიმდინარეობს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოძიების პროცესი. კიდევ 4900-ზე მეტი ახლად წარდგენილი განცხადება განხილვის პროცესშია. აქედან გამომდინარე, კანონპროექტის ინიციატორს მიაჩნია, რომ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება მნიშვნელოვანია, როგორც მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებების წარმატებით დასასრულებლად, ასევე დაინტერესებული პირების მაღალი მიმართვიანობიდან გამომდინარე.
აღნიშნული რეფორმა 2016 წლის 31 ივლისს შევიდა ძალაში და მისი დასრულება რამდენჯერმე გადავადდა. დღეს ცვლილების მორიგი ეტაპი აგრარულ კომიტეტში უნდა განიხილონ. პარლამენტი კანონპროექტს სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის დაამტკიცებს.