„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. საკანონმდებლო ინიციატივაზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს.
წამყვან კომიტეტად, რომელმაც საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი უნდა განიხილოს, აგრარულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა. კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია ბიუროს სხდომაზე კოლეგებს და საზოგადოებას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა მიაწოდა.
„კოოპერატივების გაერთიანებამ მოგვმართა, რომ ჩვენს მიერ 2019 წელს მიღებული კანონმდებლობით, მათ ჰქონდათ ვალდებულება, რომ 2020 წელს უნდა განეხორციელებინათ ცვლილებები საწესდებო კაპიტალში, მათ შორის 300-ლარიანი საპაიე შენატანები, წევრების რაოდენობის გაზრდა. აღნიშნული ითხოვდა ნოტარიუსთან ამ კოოპერატივის წევრების მიყვანას, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებას. მათი თხოვნით, რადგან მთელი 2020 წლის მანძილზე პანდემია იყო და გარკვეული მკაცრი რეგულაციები მოქმედებდა, უმრავლესობამ და ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია სამინისტროსგან. 1000 კოოპერატივიდან 800-ზე მეტს არა აქვს დარეგისტრირებული აღნიშნული ცვლილებები, აქედან გამომდინარე, გვთხოვეს გადავადება ამ ვალდებულების და შემოვდივართ წინადადებით, რომ გადავუვადოთ ერთი წლით“,- განაცხადა ნინო წილოსანმა.