სასმელი წყლის მრიცხველების გაუქმების მოთხოვნით ლაგოდეხში აქცია გაიმართა
ლაგოდეხის მოსახლეობამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. ისინი სასმელი წყლის მრიცხველების დემონტაჟს და ტარიფების დაწევას ითხოვენ.
აქცია ხმაური და სიტყვიერი შელაპარაკების ფონზე მიმდინარეობდა. ადგილობრივები წყლის გადასახადის გადახდას ისევ სულადობის წესით და მრიცხველების საერთოდ გაუქმებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაბინძურებული და სასმელად უვარგისი წყალი მიეწოდებათ. მათივე თქმით, იმის გამო, რომ წყალი არ მიეწოდებათ, სარწყავადაც სასმელი წყლის გამოყენება უწევთ და მაღალი გადასახადი მოსდით.
აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი შეუერთდნენ, რასაც რამდენიმე ადგილობრივის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი წყლის გამრიცხველიანების წინააღმდეგ გამოდიან და ამ პროცესში ოპოზიციური ძალების ჩართულობა ხელისუფლებასთან დაწყებულ მოლაპარაკებებს დააზიანებს.
აქციის მონაწილეებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის ხელმძღვანელი გრიგოლ მანდარია, ლაგოდეხი-ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელები შეხვდნენ.
შეხვედრა დასრულდა შეთანხმებით, რომ 10 დღის განმავლობაში შესაბამისი უწყებები წყლის ტარიფის განახევრების შესახებ იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას ლაგოდეხელებს ადგილზე აცნობებენ.
ლაგოდეხში სასმელი წყლის ახალი სისტემის პროექტზე 14 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, პროექტის ფარგლებში გაკეთდა ორი სათავე ნაგებობა, სამი ახალი ჭაბურღილი და სრულად შეიცვალა 123 კილომეტრიანი წყლის სისტემა. ახალი წყალგაყვანილობის სისტემაზე გადასვლის შემდეგ 3 700 აბონენტს მიეწოდა სასმელი წყალი.
ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, ვინც სასმელი წყლის სარწყავი დანიშნულებით გამოყენებას ითხოვს, ზაფხულის სეზონზე წყლის დებეტის სიმცირის გამო საფრთხეს უქმნის ქალაქის დანარჩენი მოსახლეობის წყალმომარაგებას.