სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში „ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის დღის ცენტრი“ გაიხსნა
სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში „ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის დღის ცენტრი“ გაიხსნა

რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში არსებულ დედათა და ბავშვთა განყოფილებაში „ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის დღის ცენტრი“ გაიხსნა.

ცენტრი მსჯავრდებული ქალების 3-წლამდე შვილებისთვის არის განკუთვნილი.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრში სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე აღმზრდელი ფსიქოლოგი ორი წლის განმავლობაში იმუშავებს პატიმარი ქალების ბავშვებთან მათი ადრეული განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ფსიქოლოგიური დახმარება გაეწევათ დედებსაც მშობლის უნარების გასაუმჯობესებლად.

უწყების ცნობით, 2018 წელს საქართველოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან თანამშრომლობით ქალთა დაწესებულებაში დაიგეგმა და განხორციელდა სარემონტო სამუშაოები, რათა მოხდეს მათი აღზრდა-განვითარების ხელშეწყობა, პატიმარ დედებს მიეცეთ შესაძლებლობა, განავითარონ მშობლის უნარები და მეტი დრო ჰქონდეთ სარეაბილიტაციო პროგრამებსა და აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად.

აღნიშნული ცენტრის კონცეფციის შემუშავება და ინფრასტრუქტურის მოწყობა „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.