საშობაო წვეულებაზე დასწრების შემდეგ, ესპანეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს 70-მდე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
საშობაო წვეულებაზე დასწრების შემდეგ, ესპანეთის ერთ-ერთი საავადმყოფოს 70-მდე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ესპანეთში, საშობაო წვეულებაზე დასწრების შემდეგ, ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების 70-მდე ექთანსა და ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ესპანეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანდალუსიის რეგიონული მთავრობის ცნობით, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულია მალაგას საუნივერსიტეტო რეგიონული ჰოსპიტლის 68 მედიკოსი. ინფექციის წყარო ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა რეგიონული ხელისუფლება აღნიშნავს, რომ 68-ვე მედიკოსი პირველ დეკემბერს საშობაო წვეულებას ესწრებოდა, სადაც სულ 173 ადამიანი იმყოფებოდა. წვეულებაზე დასწრებამდე ყველა მედიკოსს გაკეთებული ჰქონდა ანტიგენტესტი ან ვაქცინის ბუსტერდოზა.

ინფიცირების კიდევ ერთ შესაძლო წყაროდ ხელისუფლება საავადმყოფოს პერსონალისთვის მომზადებულ სადილს განიხილავს.

ყველა ინფიცირებულს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

ანდალუსიის ჯანდაცვის უწყება კერძო და სახელმწიფო საავადმყოფოების თანამშრომლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საშობაო წვეულებებზე დასწრებისგან.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მოსახლეობას შობის წინ კორონავირუსთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდა.

„ჩვენ არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

დატოვე კომენტარი