ევროპის განვითარების ბანკი აცხადებს, რომ ჩერნობილის დაზიანებული ატომური ობიექტის აღდგენისთვის გადაუდებელი დაფინანსებაა აუცილებელი

17:18, 05.11.2026

ევროპის განვითარების ბანკი აცხადებს, რომ ჩერნობილის დაზიანებული ატომური ობიექტის აღდგენისთვის გადაუდებელი დაფინანსებაა აუცილებელი. მათივე შეფასებით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაზიანებული დამცავი გარსის აღდგენა დაახლოებით 500 მილიონი ევრო დაჯდება. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

როგორც ბანკში აცხადებენ, რუსეთის თავდასხმების შედეგად მიყენებული ზიანის გამო შესაძლო ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საერთაშორისო დაფინანსების მოზიდვა.

„პოლიტიკო“ წერს, რომ ოქტომბერში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა სარემონტო სამუშაოებისთვის 260 მილიონი ევროს გამოყოფის ვალდებულება აიღეს, რაც აღდგენისთვის საჭირო სავარაუდო თანხის ნახევარზე მეტია.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თანხის მოძიებას ცდილობს იმ ფოლადის კონსტრუქციის აღსადგენად, რომელიც 1986 წელს აფეთქებული მეოთხე რეაქტორის ნარჩენებს ფარავს. კონსტრუქცია, რომელსაც „ახალი უსაფრთხო გარსის“ სახელით იცნობენ, 2025 წლის თებერვალში რუსეთის დრონით თავდასხმის შედეგად დაზიანდა.

„ეს მხოლოდ უკრაინის პრობლემა არ არის. ბირთვული უსაფრთხოება გლობალური საკითხია და ყველას უნდა აღელვებდეს“, – განუცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ოდილ რენო-ბასომ „პოლიტიკოს“.

რენო-ბასოს თქმით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ამჟამად უშუალო საფრთხე არ ემუქრება, თუმცა დაზიანებული კონსტრუქციის შეკეთება 2030 წლამდეა აუცილებელი.

„წარსულში საერთაშორისო საზოგადოებამ ამ გამოწვევის გადასაჭრელად საჭირო გზების მოძიება შეძლო. ახლა კი ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ ამ პრობლემასთან გამკლავება და აუცილებელი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეგვიძლია“, – განაცხადა რენო-ბასომ.

მსგავსი