საშობაო ალილოსთან დაკავშირებით თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ხვალ დროებით შეიზღუდება
საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ხვალ, 14:00 საათიდან რამდენიმე საათით შეიზღუდება.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ხვალ, 7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაგეგმილია ტრადიციული საშობაო საზეიმო მსვლელობა ალილო, რის გამოც თბილისში 14:00 საათიდან, ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთაველის გამზირზე, პუშკინის ქუჩაზე, ბარათაშვილის აღმართზე, ავლაბრის მოედანზე, მესხიშვილის, გონაშვილის, კოტე აფხაზის, შალვა დადიანისა და სამრეკლოს ქუჩებზე.
ალტერნატიულ მარშრუტებზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მოძრაობა საშობაო ალილოს დასრულებისთანავე აღდგება.