სასამართლოსთან 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების ახლობლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების ოჯახის წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეთა თქმით, დაკავებულები პოლიტპატიმრები არიან და უნდა განთავისუფლდნენ.
„ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ უსამართლობა, ვგულისხმობ გავრილოვის პატიმრებს, რომლებიც სრულიად აბსურდული მიზეზით სხედან ციხეში. პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის და ციხეში ჩასმის ტენდენცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს“, – განაცხადა აქციის მონაწილემ ლინა დოლიძემ.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. სასამართლო სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგებიან. ადვოკატ ვახტანგ იაშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ბრალეულობას ვერ ადასტურებს.
„შესავალ სიტყვაში ყურადღებას გავამახვილებთ კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რომელიც საქმეშია მოპოვებული, მაგრამ არაფერს ადასტურებს. ასევე მივუთითებთ იმ მტკიცებულებებზე, რომელიც მიუთითებს მათ უდანაშაულობაზე, პარალელებს გავავლებთ მოვლენებთან, რომელთაც ადგილი ჰქონდა ჩვენს უახლეს ისტორიაში. მოწმეთა გამოკითხვის ოქმები გვაქვს მოპოვებული, რომელიც ცალსახად ადასტურებს დაკავებულების უდანაშაულობას”, – განაცხადა დაკავებულების ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.