სასამართლოში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელის განხილვა დაიწყო.
სარჩელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წინააღმდეგ არის მომზადებული.
მოსარჩელეები იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ, რომლითაც მათი თქმით, შეეზღუდათ მშვიდობიანი შეკრების უფლება და არ მიეცათ კარვის განთავსების შესაძლებლობა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტროტუარზე.
თუმცა, ამ ფაქტის შემდეგ ზაზა სარალიძემ და მისმა მხარდამჭერებმა უკვე გაშალეს კარავი რუსთაველის გამზირზე
როგორც ზაზა სარალიძემ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სხდომის აზრს ვერ ხვდება, რადგან რუსთაველის გამზირზე კარვები უკვე განთავსებულია.
„უნდა წარმოედგინათ მტკიცებულება, რითიც გვიკრძალავდნენ კარვების დადგმას. თუმცა კარვები უკვე გაშლილია და რაღა აზრი აქვს სხდომას. ძალოვანი უწყება განმარტავდა, რომ საშიშროებას ჰქონდა საფრთხე. რა საშიშროებაზეა საუბარი?“,- განაცხადა სარალიძემ.
ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს სასამართლოში EMC-ს და საიას იურისტები იცავენ.