სასამართლოში 20 ივნისს, აქციის დაშლის დროს დაკავებული პირების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვა მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისს, აქციის დაშლის დროს დაკავებული ისტორიკოსის დავით ხვადაგიანის და სხვა პირების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვა მიმდინარეობს.
საუბარია იმ პირებზე, რომელთა პროცესები ადვოკატების შუამდგომლობების საფუძველზე 22 ივნისს გადაიდო.
22 ივნისს საქალაქო სასამართლოში 300-ზე მეტი პირის საქმეზე იმსჯელეს. ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ნაწილი ხელწერილით გაათავისუფლეს, ნაწილის საქმეების განხილვა კი მათი გათავისუფლების შემდეგ გადაიდო.
ერთ-ერთი გადადებული საქმეა დავით ხვადაგიანის საქმე. ძმები დავით და ირაკლი ხვადაგიანები სხვა პირებთან ერთად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები. ირაკლი ხვადაგიანს 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ კი ის პატიმრობის მესამე დღეს გაათავისუფლა. დღეს ირაკლი ხვადაგიანი მისი ძმის საქმეზე მოწმედ დაიკითხება.
რაც შეეხება დავით ხვადაგიანს, ის კატეგორიულად უარყოფს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას. დავით ხვადაგიანის ინტერესებს საია-ს იურისტი ლაშა ბექიშვილი იცავს. ლაშა ბექიშვილის თქმით საქმეზე მტკიცებულებები არ არსებობს და მოსამართლემ დავით ხვადაგიანის საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.