სასამართლომ ყოფილი მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი მეუღლის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-115-ე მუხლით.
„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.კ.-მ 2017 წლის 18 თებერვალს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, თავისი ყოფილი მეუღლის ა.ლ.-ს მიმართ განახორციელა სასტიკი მოპყრობა, რა დროსაც თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა. აღნიშნულის შემდგომ ა.ლ.-მ სააბაზანო ოთახში ქამრის მსგავსი საგნის გამოყენებით თავი ჩამოიხრჩო.
სამართალდამცველებმა გ.კ. 2017 წლის 13 მაისს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-115-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის თვითმკვლელობამდე მიყვანა სასტიკი მოპყრობით) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.