სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჰ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ჰ.მ.-მ ქ. გარდაბანში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს ნ.ბ.-ს ყელში ხელების წაჭერითა და მუშტების მრავალჯერადი დარტყმით ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა. ჰ.მ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

სამართალდამცველებმა ჰ.მ. 20 ოქტომბერს გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, აზერბაიჯანის მიმართულებით საზღვრის კვეთის მცდელობისას დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჰ.მ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.