სასამართლომ პანკისში მომხდარ ძალადობაზე დაკავებულ ორ ბრალდებულს პატიმრობა, ერთს კი, გირაო შეუფარდა
თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში დისკრიმინაციული ნიშნით მომხდარ ცემის ფაქტზე დაკავებულების აღკვეთი ღონისძიების განსაზღვრაზე იმსჯელა. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.
მოსამართლე თამარ კაპანაძემ ნაწილობრივ დააკამყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა – ორ დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, ერთი არასრულწლოვანი კი, 2000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
წინასასამართლო სხდომა 24 სექტემბერს ჩაინიშნა.
პანკისის ხეობაში ძალადობა 8 აგვისტოს მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი დისკრიმინაციული ნიშნით დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.